03 ოქტომბერი 2023 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - სექტემბერი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.

გთავაზობთ ამა წლის სექტემბრის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.

 

უფლებები საქართველო

ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმის განხილვა, რომელშიც დაზარალებულები მრავალწლიანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან. მათ ინტერესებს, გამოძიების ეტაპზე და საქმის სასამართლოში განხილვისას, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები იცავდნენ.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო ბავშვების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და მეუღლის მიმართ ჩადენილ სასტიკ მოპყრობაში, რამაც ქალი თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა. დამნაშავეს სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გამოძიების ეტაპზე, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი სამართლებრივი მიმართვის  საფუძველზე,  საგამოძიებო ორგანომ თანმდევი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

რაც შეეხება სასამართლოში საქმის განხილვას, დაზარალებულების მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა არაერთი წერილობითი მიმართვა წარუდგინეს საქმის პროკურორსა და სასამართლოს, რომელთა დიდი ნაწილი საქმის განმხილველმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

ამ საქმეზე მეტი იხ. https://www.rights.ge/ka/new/195

 

სასამართლომ კონტროლიორი ქალის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ თანამდებობაზე აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს კონტროლიორ ქალს, რომელიც ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 

ბათუმელი კონტროლიორის უფლებებს „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ანნა თვარაძე იცავს. ორგანიზაციას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის 11 სექტემბერს ჩაბარდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თანამშრომლის იმავე პოზიციაზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება (გათავისუფლების დღიდან მის აღდგენამდე) დაავალა. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა კი, არ დააკმაყოფილა - რაც, „უფლებები საქართველომ“ სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

ამ საქმეზე მეტი იხ. https://www.rights.ge/ka/new/196

 

მოძალადე კაცს შვილთან ურთიერთობის აღდგენის უფლება არ მიეცა

ძალადობისთვის ნასამართლევი მამის მიერშვილთან ურთიერთობის წესის დადგენის მიზნით, დაწყებული სამართლებრივი დავა, „უფლებები საქართველოს“ დახმარებით, არასრულწლოვანის სასარგებლოდ დასრულდა.

მოძალადემ 2022 წლის აპრილში მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა.  „უფლებები საქართველო“, დედის მომართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო და, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, შესაგებელი და შეგებებული სარჩელი წარუდგინა სასამართლოს. 

საქმის სასამართლოში განხილვისას, არასრულწლოვანი ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა. ბავშვმა მკვეთრად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამასთან ურთიერთობის სურვილი არ გააჩნია, რის მიზეზადაც დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები დაასახელა.

სასამართლომ გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ არგუმენტაცია და მოძალადე მამას შვილთან ურთიერთობის აღდგენის უფლება არ მიეცა. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა დედის კიდევ ერთი მოთხოვნა და ბავშვის მამას, არასრულწლოვანის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის, ალიმენტის გადახდა დაეკისრა. 

ამ საქმეზე მეტი იხ. https://www.rights.ge/ka/new/197

მოძალადე ქმარი ცოლს სექსუალური ხასიათის ვიდეოებს ფარულად უღებდა და გავრცელებით ემუქრებოდა 

 კაცი, რომელთანაც მსხვერპლი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, ქალს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფარულად უღებდა სექსუალური ხასიათის ვიდეოებსა და ფოტოებს. ძალადობის ფაქტის გახმაურების შემთხვევაში კი, ამ ვიდეოების გასაჯაროებით ემუქრებოდა და დუმილს აიძულებდა.

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ქალმა შიში დაძლია და პოლიციას მიმართა. ქალის განცხადების საფუძველზე, მოძალადე კაცი დააკავეს ოჯახში ძალადობის, იძულებისა და მუქარის ფაქტზე. ქალს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2023 წლის 27 ივლისს, მსხვერპლი ქალი დაზარალებულად ცნეს. 2023 წლის 28 სექტემბერს კი, ძალადობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამაკაცს, დამატებით, ბრალი წარედგინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენების, გავრცელების ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის მუხლით განსაზღვრულ დანაშაულში. 

ამ საქმეზე მეტი იხ. https://www.rights.ge/ka/new/198

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საიას დახმარებით სოციალური მუშაკები სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო კომპენსაციას მიიღებენ

2020 წლის დასაწყისში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება-მოვალეობები გადაეცა ახლადშექმნილ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ცვლილებების შესაბამისად, ამ უკანასკნელს უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მრავალი სოციალური მუშაკი რეორგანიზაციის საფუძვლით სრულიად დაუსაბუთებლად გათავისუფლდა სამსახურიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ორი სოციალური მუშაკის და უფროსი სოციალური მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეებისთვის კომპენსაციის გადახდა ჯამში 28 000 ლარის ოდენობით.

ამ საქმეზე მეტი იხ. https://gyla.ge/ge/post/saias-dakhmarebit-socialuri-mushakebi-samsakhuridan-ukanonod-gatavisuflebis-gamo-kompensacias-miigheben#sthash.tVFl1nUr.dpbs

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

შემაკავებელი ორდერის გამოყენება ქალთა უფლებების წინააღმდეგ

2023 წლის 25 სექტემბრს, PHR-მა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაუქმება შეძლო.

ყოფილმა მეუღლემ, ბავშვებზე ზრუნის მოთხოვნას, თამართან კომუნიკაციის სრული შეწყვეტით უპასუხა. იგი უარს ამბობდა მისი ზარებისთვის ეპასუხა, შეხვედროდა ან ცოტა ხნით მაინც დაეტოვებინა ბავშვები. თამარის ემოციური მდგომარეობა, მისი არანორმირებული შრომის და სწავლის გაგრძელებით მომატებული დატვირთვის მიზეზით, განსაკუთრებით დამძიმდა. თამარს დასჭირდა სპეციალისტების დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. 2023 წლის აგვისტოში, თამარი იძულებული გახდა ბავშვებზე ზრუნვა ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებისთვის ეთხოვა, რადგან მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დახმარებას საჭიროებდა.

ყოფილმა მეუღლემ, თამარის მიერ ბავშვზებზე ზრუნვის საჯარო მოთხოვნას, მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერით უპასუხა. პოლიციაში მან განაცხადა, რომ თამარი „მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა“ და უცენზურო და უხამსი სიტყვების გამოყენებით მიწერილი მესიჯების გამო, ემოციურად ძალადობდა.

დარღვევები შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრის მხრიდან

მართლწესრიგის ოფიცერმა თამარის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით დაარღვია არა მხოლოდ კანონის მოთხოვნა, არამედ თამარის და მისი შვილების უფლებები:

მართლწესრიგის ოფიცერმა, ყოფილ მეუღლესთან „არასასურველ კომუნიკაციად“ ჩაუთვალა თამარს ბავშვებზე ზრუნვის და ბავშვების დატოვების მოთხოვნა, ანუ კანონმდებლობით მამის მიმართ დადგენილი ვალდებულებების შესრულება ჩაითვალა ქალის მხრიდან „ოჯახში ძალადობად“.

მართლწესრიგის ოფიცერმა თამარს შეუზღუდა ბავშვებთან კომუნიკაციაც, რადგან, ყოფილ მეუღლესთან დარეკვის აკრძალვის გამო, თამარს უწევდა მე-3 პირებისგან ბავშვების მდგომარეობის გაგება (თამარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვები დროებით იმყოფებოდნენ ყოფილი მეუღლის სახლში). პასუხს კითხვაზე „როგორ არიან ბავშვები“ 12 საათის განმავლობაში ვერ იღებდა.

სასამართლო პროცესზე თამარის ადვოკატმა PHR-დან წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები, რომლის თანახად, უხამსი კომუნიკაციის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო ყოფილი მეუღლე.

სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლომ გაიზიარა თამარის ადვოკატების პოზიცია და გააუქმა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

  • ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
  • თამარ გაბოძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. 
  • ციალა რატიანი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

ამ საქმეზე მეტი იხ. https://www.phr.ge/activity/other/630?lang=geo

 

პუბლიკაციები

საქმეები