09 დეკემბერი 2020 "კოალიციამ თანასწორობისთვის" გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლისთვის მოხსენება წარადგინა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (The Universal Periodic Review, UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ განიხილება.

წელს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლისთვის, ჟენევაში გამართულ წინასასესიო მოსმენაზე, რომელიც საქართველოს დაეთმო, ექვსი მომხსენებლიდან სამი "კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციების წამომადგენელი იყო. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაფასეს ნათია გამხიტაშვილმა (კავშირი "საფარი", კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია), ანა არგანაშვილმა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, PHR), ლიკა ჯალაღანიამ (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC).

მსოფლიოში შექმნილი კოვიდ სიტუაციის გამო, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ანგარიშების წარდგენა დისტანციურად მოხდა. წარმდგენი სპიკერების რეგლამენტი მკაცრად შეზღუდული იყო (თითოეულ მათგანს მხოლოდ 3-წუთიანი საუბრის საშუალება ჰქონდა). ამიტომ, ნათია გამხიტაშვილმა ერთიანად ისაუბრა "კოალიცია თანასწორობისთვის" მიერ 2019 წელს მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შექმნილ ანგარიშში გამოკვეთილ პრობლემებზე: ქალთა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისა და უცხოელების უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში.

ლიკა ჯალაღანიამ (EMC) ისაუბრა ქვეყანაში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში.

ანა არგანაშვილმა (PHR) ისაუბრა ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთლობის პრობლემებზე შშმ ქალებში.

2015 წლის 10 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოს ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ, რომლის დამტკიცების პროცესში, წევრ ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე სესია 2021 წლის 26 იანვარს გაიმართება.

 

 

 

 

 

პუბლიკაციები

საქმეები