31 იანვარი 2023 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - იანვარი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან. 

გთავაზობთ ამა წლის იანვრის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს 5 წლის ბავშვისთვის ზიანის ანაზღაურება დაევალა

როდესაც 2019 წელს დანიელის დედამ, დანიელისთვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, მისი მიზანი, დანიელის უფლებების დაცვა იყო. თუმცა, დანიელს სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა უარი უთხრა, ვინაიდან:

„...არსებული კანონმდებლობით, დაუნის სინდრომი არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს. ხოლო სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის დადგენა სამ წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი განვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო.“

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის უარს სამწუხაროდ დაეთანხმა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და სენაკის რაიონული სასამართლოც. თუმცა, ნანას ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეუწყვიტავს და საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წაიღო.

2020 წლის 9 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ:

„უარი შშმ სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, რომ „დაუნის სინდრომი“ არ არის იმ დაავადებათა ჩამონათვალში... ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და ზღუდავს ამ აქტებით გარანტირებულ უფლებებს.“

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მოძალადეს სამოქალაქო დავა მოუგო

მამინაცვალმა, რომელიც არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, მის მიმართ სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, გერისთვის ქონების წართმევა გადაწყვიტა. მან სასამართლოს ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა.

2021 წელს, მამინაცვალმა გერს ბინა აჩუქა. თუმცა, მას შემდეგ რაც გერმა სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა, გერის დასჯა  (ბინის წართმევა და გერის ქუჩაში დატოვება) მოისურვა. მოძალადე მოითხოვდა ჩუქების  ხელშეკრულების ბათილობას. მოძალადისთვის ცნობილი იყო ძალადობის მსხვერპლის მძიმე პოსტტრავმული მდგომარეობა და, ეკონომიკური ძალადობის გზით ამ მდგომარეობის გაუარესებასაც ისახავდა მიზნად. ამ საქმეში, ძალადობის მსხვერპლის არასაჭირო სამართლებრივი პროცედურებით და პროცესებით დათრგუნვა, ძალადობის ერთ-ერთი სტრატეგიას წარმოადგენდა.

საქმეში PHR-ის ადვოკატები ჩაერთნენ.

2022 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის პოზიცია გაიზიარა და  მოძალადეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების გზით, ეკონომიკური ძალადობის განხორციელების შესაძლებლობაზე უარი უთხრა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო. დიდწილად სწორედ გამოძიებაში არსებული ხარვეზები გახდა იმის მიზეზი, რომ სასამართლომ, ვერ უპასუხა საკვანძო კითხვას - იყო თუ არა თემირლანის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა არაპროპორციული, და შესაბამისად, ვერ შეძლო სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევის აღიარება. ევროსასამართლომ არ განიხილა მოსარჩელეთა მოთხოვნები სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ასევე, სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე უფლების დარღვევის დამოუკიდებელი შეფასება, რადგან ამ საკითხს სრულად მოიცავს მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გვთავაზობს გადაწყვეტილების მიმოხილვას, რომელშიც წარმოდგენილია სასამართლოს შეფასება ყველა საკვანძო საკითხზე.

სიცოცხლის უფლების დარღვევის პროცედურული ნაწილი

სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევის ნაწილში სასამართლომ შეაფასა გამოძიების დამოუკიდებლობის, ადეკვატურობის და საქმეში დაზარალებულის ჩართულობის საკითხი და მიიჩნია, რომ ვერცერთ ასპექტში გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ სტანდარტს.

გამოძიების დამოუკიდებლობა

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტები გამოძიების დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ სპეცოპერაციის დასრულებისთანავე პირველი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის თემირლანის ოთახის ჩხრეკა და საქმისთვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების - ხელყუმბარის ამოღება ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან სპეცოპერაციაში მონაწილე პირებისგან დამოუკიდებელ სუბიექტებად. სასამართლოს განმარტებით, გამოძიება, რომელიც პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დაიწყო, ეყრდნობოდა სუს-ის მიერ თავდაპირველად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც მსგავს კონტექსტში არაერთხელ განუმარტავს, საწყისი „პროცედურული ხარვეზები [საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით] საფრთხის ქვეშ აყენებს გამოძიების შემდგომ განვითარებას.“

გამოძიების ადეკვატურობა

გამოძიების ადეკვატურობის შეფასებისას, სასამართლომ რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში, სასამართლომ იმსჯელა, რამდენად ადექვატური იყო გამოძიების ფარგლები და მოიცავდა თუ არა იგი სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილს. ამ ასპექტში, სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლების განმეორებითი მოთხოვნების შედეგად, სუს-ის მაღალჩინოსნები 20 თვის დაგვიანებით, თუმცა მაინც იყვნენ გამოკითხულნი სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების გარემოებებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, სასამართლოს მითითებით, ამ ნაწილში გამოძიება შეზღუდული იყო იმ ფონზე, რომ საქმეში არ არსებობდა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ამსახველი არანაირი დოკუმენტი ან/და ანგარიში.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

უკანონო მოსმენების საქმეზე ნიკა გვარამიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

2023 წლის 26 იანვარს, თბილისის პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო. 

2021 წლის 13 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი, მათი სატელეფონო და პირადი საუბრების უკანონო მიყურადება, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. გავრცელებული მასალა შეიცავს ათასობით დოკუმენტს. გავრცელებულ ფაილებში, მათ შორის, მოცემულია ინფორმაცია ტელეკომპანიამთავარი არხისგენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბრის შესახებ. 

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მიერ 2021 წლის 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება დღემდე  გრძელდება. საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელებას ფაქტზე მიმდინარეობს.

დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ. 

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

საფარი

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულებს 5,5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულ 4 კაცს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

“ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით  დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაც, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ამ ნაწილში სასამართლომ ისინი გაამართლა. ამ გადაწყვეტილებას “საფარი”  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – მოვითხოვთ მათ გასამართლებას ყველა წარდგენილი მუხლით.

დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი კაცი. მისი საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ამ დრომდე განიხილავს.

ხუთივე კაცი 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ გააკავეს, რაც გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კომიტეტს “საფარმა” ადამიანის უფლებათა ცენტრსა (HRC) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წელს მიმართა.

კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დასაჯოს პასუხისმგებელი პირების, ჯეირანოვას შვილებს კი ბოდიში მოუხადოს და ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

ჯეირანოვას შვილებისთვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა დავა წააგო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს, კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტროს ჯეირანოვას ორი შვილისთვის ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია 2022 წლის ოქტომბერში დააკისრა. ფინანსთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და “ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით” კომპენსაციის ოდენობის შემცირება მოითხოვა. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

ხანუმ ჯეირანოვას შვილების ინტერესებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით “საფარის” იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაზარალებულების მიერ გადატანილი ტრავმებისა და ზიანის შესაბამისად განისაზღვრა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

ნაფიცმა მსაჯულებმა ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულ კაცს 8 წელი მიუსაჯეს

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებული კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სქესის ნიშნით ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის მას 8 წელი მიესაჯა.

ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 10 იანვარს გამოუტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების, ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილი დამამცირებელ მოპყრობისთვის თითოეულს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 143-ე მუხლითაც, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ამ ნაწილში სასამართლომ ისინი გაამართლა. ამ გადაწყვეტილებას “საფარი”  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – მოვითხოვთ, ოთხივე მათგანის დამნაშავედ ცნობას ხანუმ ჯეირანოვასთვის თავისუფლების აღკვეთის გამოც.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

—-----------------------------

“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ: 

კოალიციის ხაზი: 568 47 14 14

კოალიციის Facebook გვერდი



 

პუბლიკაციები

საქმეები