07 ივლისი 2023 კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მნიშვნელოვანია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ.

ასეთი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების დაანონსებას მალევე მოჰყვა კრემლისტური, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის (კონკრეტულად, „ალტ ინფოს“) წარმომადგენლების მუქარა. კერძოდ, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ალტ ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე ითხოვდა ფინანსების მობილიზებას „პრაიდ ფესტის“ ჩაშლის მიზნით.[1]

ამას გარდა, 1 ივლისს გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადება.[2] აღნიშნული განცხადების ფარგლებში, საპატრიარქო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ლგბტ კვირეული“ არ უნდა ჩატარდეს დახურულ სივრცეშიც კი მისი „უარყოფითი გავლენებიდან“ გამომდინარე. განცხადება შეიცავს არაერთ ჰომოფობიურ ფორმულირებებას, რამაც შესაძლოა “პრაიდ კვირეულის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე ძალადობა წაახალისოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ ვიხილეთ. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი და კონკრეტულად უკანასკნელი თვეები გამოირჩეოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებების სიმრავლით, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრმა არაერთი საჯარო გამოსვლისდროს გამოიყენა ისეთი ჰომოფობიური ფორმულირება, როგორიცაა „ლგბტ პროპაგანდა“[3] და ისაუბრა გარკვეული რეგულაციების საჭიროებაზე აღნიშნულის საპასუხოდ, ასევე, 2023 წლის მაისის თვეში, უნგრეთში, ის სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის (CPAC) კონფერენციაზე, რა დროსაც, არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობა დაუშვებელია“..[4]

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში გატარებული „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ,[5] რასაც მოჰყვა ჰომოფობიური კამპანიის განსაკუთრებული გააქტიურება სამთავრობო მედიების მხრიდან.

ამასთან, აშკარაა, რომ ამავდროულად ხელისუფლება და მოძალადე ჯგუფები ჰომოფობიას იყენებენ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დასაკნინებლად. ეს 2021 წლის 5 ივლისსაც ნათელი იყო, როდესაც მოძალადეებმა ორჯერ ჩამოხიეს და დემონსტრაციულად დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ დღეის მდგომარეობით, კვლავ არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური დანაშაულების ორგანიზატორი პირები, რომელთა მიზანიც, სწორედ, „პრაიდის კვირეულის“ დარბევა იყო.[6]

ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენება ხელისუფლების მხრიდან და დაუსჯელობის ის გარემო, რომელიც კრემლისტური, ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობის აშკარა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეწყნარებაში ჩანს, გარდა იმისა, რომ არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის ლგბტი ადამიანებისთვის და აქტივისტებისთვის, ის აზიანებს სოციალურ მშვიდობას და აღრმავებს  პოლარიზაციას. სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის საბაზისო ვალდებულებების შეუსრულებლობას ნეგატიური გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესისითვისაც.    

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • გაატაროს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები „პრაიდ კვირეულის“ ყველა ღონისძიების მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დაუყოვნებლივ განახორციელოს რეაგირება მუქარის ყველა აქტზე;
  • განახორციელოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება ექსტრემისტული ჯგუფების და მათ მიერ მობილიზებული ადამიანების მიერ განხორციელებულ ყველა გადაცდომაზე;

საქართველოს პროკურატურას:

  • დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • შეწყვიტოს ჰომოფობიური კამპანია და ძალადობის, დისკრიმიანციის, ჩაგვრის წამახალისებელი ფორმულირების შემცველი საჯარო განცხადებები ყველა კონტექსტში.

შემუშავდეს კრემლისტურ, ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტულ ჯგუფებთან გამკლავების ყოველისმომცველი სტრატეგია.

 

[1] აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, მიმართა საქართველოს პროკურატურას, ზურა მახარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით. ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/561994/ წყარო ბოლოს ნანახია: 055.07.2023.

[2] განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/677958/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

[3] იხილეთ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/life/677861/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

[4] განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/668144/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

[5] განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/659656/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

[6] იხილეთ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/life/678424/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

პუბლიკაციები

საქმეები