11 ივნისი 2019 „კოალიცია თანასწორობისთვის“ გოგონათა მიმართ ძალადობის და ადრეული ქორწინების შემაშფოთებელ ფაქტებს ეხმიანება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისა და მასზე იძულებითი ქორწინების უმძიმეს საქმეს. სახელმწიფოსგან მოვითხოვთ, გოგონათა იძულებითი ქორწინებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით სისტემური, ქმედითი და საგანგებო ნაბიჯების გადადგმას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში ასევე გამოვლინდა ლაგოდეხში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების კიდევ ერთი შემზარავი შემთხვევა.

საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები

2015 წლის 7 დეკემბერს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა რამდენიმე ადამიანმა მოიტაცა, და სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანა, სადაც 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტა. გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, უფროსმა მამაკაცმა ის საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მეორე დილით ოჯახში დაბრუნებულმა მსხვერპლმა მშობლებს ყველაფერი უამბო და გააფრთხილა, რომ მოძალადეზე იძულებითი ქორწინების შემთხვევაში თავს მოიკლავდა. მშობლებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. მსხვერპლის უფლებებს იცავს კოალიციის წევრი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი.

საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. მსხვერპლმა პოლიციაში დეტალურად აღწერა დანაშაულთან დაკავშირებული გარემოებები და დაასახელა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.

გამოძიების ინფორმაციით, მოძალადე მიიმალა, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი დაკავება. თუმცა მსხვერპლის, ოჯახის წევრების და თვითმხილველების ინფორმაციით, მთელი ეს პერიოდი იგი საკუთარ სოფელში იმყოფებოდა. სასამართლომ მოძალადეს ბრალი წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ პასუხისგებაში არ მისცა სხვა პირები, რომელთა დანაშაულში მონაწილეობაზეც მსხვერპლი უთითებდა. ისინი დღემდე თავისუფლად და დაუსჯელად ცხოვრობენ სოფელში.

გაუპატიურების შემდეგ ძალადობის მსხვერპლ გოგოს 2 წელი სკოლაში აღარ უვლია, რადგან მსხვერპლის მტკიცებით, მას არ სურდა ისეთ გარემოში სწავლის გაგრძელება, სადაც ყველამ იცოდა მისი გაუპატიურების შესახებ. 2017 წელს მშობლებმა გოგონა მეზობელი სოფლის სკოლაში შეიყვანეს.

2019 წლის 4 აპრილს მიმალვაში მყოფმა ბრალდებულმა მსხვერპლი გოგონა განმეორებით მოიტაცა. ამ დროისთვის გოგონა გამტაცებლის სახლში ცხოვრობს. ცნობილია, რომ აღნიშნულ ფაქტზეასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, მხოლოდ საქმის მედიაში გახმაურების შემდეგ, მეორე დღეს, დააკავა პოლიციამ ბრალდებული პირი. გოგონა ამ ეტაპზე თავს იკავებს პოლიციასთან კომუნიკაციისგან, რაც მის მიმართ მოძალადის ოჯახის წევრების სავარაუდო იძულებითა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ შექმნილი უნდობლობით შეიძლება აიხსნას.

სოციალური სამსახურები ჩართული არიან პროცესში და აქვთ კომუნიკაცია მსხვერპლის ოჯახთან, თუმცა, აუცილებელია ფსიქოლოგის უფრო აქტიური ჩართულობა, რომ დაეხმაროს გოგონას სტრესიდან გამოსვლაში. სოციალური სამსახურები ასევე უნდა დაინტერესდნენ, თუ რატომ არ სურს მსხვერპლს სამართლადამცველებთან ურთიერთობა ან ხომ არ იმყოფება იგი ზეწოლის ქვეშ.

2019 წლის 2 მაისს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე პროკურორს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ბრალდებულის ადვოკატის მიერწარმოდგენილი ახალი გარემოება - მსხვერპლის და მისი დედის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ აღარ აქვთ და არც მომავალში ექნებათ პრეტენზია ბრალდებულისმიმართ. ამ დროს, დაზარალებული არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იმყოფებოდნენ სხდომის დარბაზში. პროკურორს არ მოუთხოვია მსხვერპლის განმეორებითი დაკითხვა, რომ დადგენილიყო წარმოდგენილი განცხადება ნებაყოფლობით იყო შედგენილი თუ ბრალდებული რაიმე ფორმით შესაძლო იძულებას ახორციელებდა დაზარალებულზე.

საქმის სამართლებრივი შეფასება

განსახილველ საქმეში აშკარად გამოჩნდა სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობა და არაეფექტიანი მუშაობა გოგონას ძალადობისგან, იძულებითი ქორწინებისგან დაცვისა და მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. გოგონას გაუპატიურების საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული, ვერ მოხერხდა ბრალდებული პირის დროული დაკავება, რაც არასრულწლოვანის მიმართ ხელახალი ძალადობის მიზეზი გახდა.

ამ შემთხვევაში, ხაზგასასმელია, რომ მსხვერპლი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, რადგან რეგიონებში და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალთა უფლებების დაცვის საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. სამართალდამცავი ორგანოები და სოციალური სერვისების მომწოდებელი უწყებები დისკრიმინაციულ გულგრილობას ავლენენ. აღნიშნულ რეგიონებში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, განათლების უკიდურესად დაბალი ხარისხი, დასაქმების და განვითარების დაბალი შესაძლებლობები გოგონათა ადრეული ქორწინების სტრუქტურული მიზეზია და ის სახელმწიფოსგან სისტემურ რეაგირებას და ტრანსფორმაციას მოითხოვს. ცხადია, რომ არსებული გამოწვევების მიზეზად არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ კონკრეტული თემის ტრადიცია ან გაზიარებული კოლექტიური ღირებულებები.

საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვანი გულისხმიერებთ ებრძოლონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას, რაც მოიაზრებს სახელმწიფოს მიერ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიებისა და დასჯის, ასევე, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას (Opuz v. Turkey). გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესაძლოა გახდეს თანამონაწილე, როდესაც ის სისტემატურად ვერ უზრუნველყოფს თავის ვალდებულებას, დაიცვას ინდივიდები მათი უფლებების დარღვევისგან, რომელიც კერძო პირების მხრიდან მომდინარეობს“.[1]

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სუსტი პოლიტიკის შესახებ საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველიც. მისი 2018 წლის ანგარიშის მიხედვით „ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კვლავ გადაუჭრელია გოგოების ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები. საქმეთა შესწავლის შედეგად ჩანს, რომ როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონრკეტულ დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება. კონკრეტული საქმეების შესწავლისას, ხშირია უკმაყოფილება პოლიციის მიმართ, რომ ჭიანურდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმ ვარაუდოთ, რომ ოჯახები მორიგდებიან და საქმეზე მუშაობა მოკლე დროში დასრულდება.“[2]

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით დაწყებული რეფორმების მიუხედავად, აშკარაა, რომ ეს ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ბაზისური სერვისები ყველა სოციალური ჯგუფისთვის თანასწორად ხელმისაწვდომი და განვრცობილი არ არის, რაც დისკრიმინაციული მიდგომების ეჭვებს აჩენს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ გენერალურპროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  1. მიიღონ ყველა ზომა არასრულწლოვნი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, რადგან დაზარალებული, მაღალი ალბათობით, არის ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შიშის ქვეშ. არსებითია, მოხდეს მისი დაუყოვნებლივი იზოლირება მოძალადე პირის ოჯახიდან;
  2. პროკურატურამ უზრუნველყოს საქმეზე სათანადო კვალიფიკაციის მინიჭება, რადგან ამ დრომდე, ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე აღძრულია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით (არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის კავშირი), მაშინ, როცა საქმეში იკვეთება სსკ 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება), სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (თავისუფლების უკანონო შეზღუდვა) და 1441-ე მუხლით (წამება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც. ბრალდებულს დაუყოვნებლივ ბრალი უნდა წარედგინოს აღნიშნული მუხლების შესაბამისადაც. ამასთან, პასუხისგებაში უნდა მიეცეს მსხვერპლის მიერ დანაშაულში მხილებული ყველა პირი;
  3. საქმეში სათანადოდ უნდა გამოიკვეთოს გამოძიების მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივი.
  4. სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით დადგინდეს არასრულწლოვნის ამჟამინდელი ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, რათა შეფასდეს არსებული და სამომავლო რისკები, რომელმაც შესაძლოა დააზარალოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობა და/ან სიცოცხლეს;
  5. დაუყოვნებლივ დაიწყოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ამ საქმეში გამოვლენილი სავარაუდო კანონდარღვევებისა და გულგრილობის ფაქტების გამოძიება.

უმნიშვნელოვანესია, ეს საქმე გახდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამართალდამცავი და სოციალური ორგანოების მუშაობის და პოლიტიკის არსებითი გადასინჯვის საგანი. სახელმწიფომ უნდა გაატაროს რეალური სამართალდაცვითი, სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკა გოგონათა იძულებითი და ადრეული ქორწინების და უფრო ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რისკების შემცირების მიზნით.

 

 


[1] UN Doc. E/CN.4/1996/53, პარა. 32

[2] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018 წელი, გვ. 138, იხ: http://ombudsman.ge/res/docs/2019042620571319466.pdf

პუბლიკაციები

საქმეები